საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის ერთსულოვნად მიღებას ეხმიანება და მიკრობლოგ "ტვიტერზე" განცხადებას აქვეყნებს.
"ქართველი ხალხის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის. ეს არის აქტი, რომელიც ჩვენს პარტნიორობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. აშშ ჩვენი უახლოესი სტრატეგიული მოკავშირეა.
საქართველოს მხარდაჭერის აქტი მნიშვნელოვნად აძლიერებს თავდაცვის, ეკონომიკური და კიბერუსაფრთხოების სფეროებში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას.
შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობა ხელს შეუწყობს მეტი სამუშაო ადგილების შექმნას, ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას და მდგრადი უსაფრთხოების შენარჩუნებას საქართველოში", - წერს გახარია "ტვიტერზე".
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა.
საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება და ხელმოწერის შემდეგ კანონის ძალას შეიძენს.
ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.
საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.
კანონპროექტით აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას გამოხატავს და ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევებს.
კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს.
კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.