აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა და პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ ბევრჯერ ყოფილხართ აზერბაიჯანში და სიამოვნებით ვიხსენებ თქვენთან გამართულ შეხვედრებს. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი საგარეო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრეთ. ეს მოწმობს იმას, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენთვის საქართველო ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს. ჩვენ გვაკავშირებს ისტორია, გეოგრაფია და ჩვენი ურთიერთობების განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და მრავალ სფეროს მოიცავს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და წარმატებით ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და აზერბაიჯანი საქართველოსთვის სიდიდით ერთ-ერთი პირველი ინვესტორია. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდ როლს ასრულებენ ამ ურთიერთობების განვითარებაში," - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, პრეზიდენტ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყო.
ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე და რეგიონული დატვირთვის პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ.
პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს "ზაგულბას" სასახლეში უმასპინძლა.