დიახ, მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით მაგალითად წინააღმდეგები, როდესაც პოლიტიკური გასაჭირი იყო და შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდეტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.
"მე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელი და არცთუ ისე უკანასკნელ რიგებში, შემიძლია, გადაუჭარბებლად საზოგადოებას ვუთხრა, რომ გუშინ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა მოიტყუა. ეს იყო სრული სიცრუე. არასდროს მას არავინ არ აკავებდა, თუ მას რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში, მაგრამ დიახ, მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით მაგალითად წინააღმდეგები, როდესაც პოლიტიკური გასაჭირი იყო და შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის. დიახ, ასეთ დროს ჩვენ ვიყავით წინააღმდეგები", - ამბობს უგულავა.
პოლიტიკოსის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს დღეს რელიგია ესმის ისე, როგორც თავზე ნაცრის დაყრა და ქართული სახელმწიფოს სეკულარიზმის უარყოფა, მაშინ ის არაფრით განსხვავდება ლევან ვასაძისგან.