პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ფრაქციებთან საპარლამენტო გამოსვლისას 20 ივნისის მოვლენებზე ისაუბრა.
„დავიწყებ ჩემი პოლიტიკური შეფასებით - ეს იყო ერთმნიშვნელოვნად პარლამენტის შტურმის ღამე. სხვა საკითხი არის გამომწვევი მიზეზები და სხვა საკითხი არის, რა შედეგებით დასრულდება გამოძიება როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით. ალბათ, აქ გარკვეული დრო კიდევ საჭიროა, თუმცა, ფაქტები არის შემდეგი, რომ ჩვენ გვქონდა მშვიდობიანი აქცია, რომელიც რაღაც მომენტში გახდა ძალადობრივი და ამ საკითხს დავუბრუნდებით კიდევ, რატომ. ამ აქციამ ძალადობრივი ფორმა მიიღო ზუსტად, დაახლოებით 10 საათისთვის, როდესაც პოლიციას უკვე ჰქონდა, აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება ძალის გამოყენების. მიუხედავად ამისა, პოლიცია დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში იყო მოთმინების რეჟიმში, რადგან მათ ჰქონდათ კონკრეტული დავალებები, თავიდან აერიდებინათ ფიზიკური დაპირისპირება და მაქსიმალურად ყოფილიყვნენ თავდაცვის რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ვერცერთ ფაქტს ვერ მანახებთ და არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, რომ პოლიციას ერთი ნაბიჯით მაინც დაეტოვებინოს პარლამენტის პერიმეტრი. რაღაც მომენტში უკვე მასირებული ორგანიზებული სხვადასხვა ჯგუფებით, რამდენიმე სხვადასხვა მხრიდან შტურმი, შეტევა პოლიციაზე ხდებოდა თანმიმდევრულად. შესაბამისად, რაღაც მომენტში პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. აქ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პოლიციას უბრალოდ ბუნებაში არ ჰქონდა აღჭურვილობაშიც კი რაიმე სპეცსაშუალება, რომელსაც არ ითვალისწინებს კანონი - ეს ერთი და მეორე - ყველაზე მნიშვნელოვანი, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, სანამ პოლიცია გამოიყენებდა სპეცაღჭურვილობას - ამ ორსაათნახევრის განმავლობაში პოლიციელებს თავდამსხმელებმა გასტაცეს 300-ზე მეტი ფარი და თქვენ ყველას კარგად გესმით, რომ ფარი არის ერთადერთი საშუალება, იმიტომ, რომ მათ თავდაცვის სხვა აღჭურვილობა არ ჰქონდათ.30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული რიგებიდან და უბრალოდ მათი მდგომარეობა საბოლოოდ ბოლომდე არ იყო ცნობილი. ეს იყო ის მდგომარეობა, სიტუაციის ის დინამიკა, რა სიტუაციაშიც პოლიცია დაახლოებით ორსაათნახევარი ითმენდა ამას ყველაფერს. მაშინ როდესაც გაჩნდა აშკარა პირდაპირი რისკი, რომ პოლიციის კორდონი იქნებოდა გარღვეული და თავდამსხმელები - მე ხაზგასმით არ ვამბობ აქ მომიტინგეებს, იმიტომ რომ ეს მიტინგი სხვადასხვა ჯგუფებისგან შედგებოდა. იქ იყვნენ აბსოლუტურად მშვიდობიანი, არააქტიური ადამიანები, თუმცა იყო ძალიან კარგად ორგანიზებული ჯგუფები, რომლებსაც ჰქონდათ პირდაპირი მიზანი შეჭრილიყვნენ პარლამენტის შენობაში.
ახლა რაც შეეხება მომენტს, როდესაც სპეცსაშუალებების გამოყენება დაიწყო - აქ მინდა მკაფიოდ ავხსნა რამდენიმე რამ. პირველი უნდა ვიცოდეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი თავის ქვედანაყოფის ბაზირების ამ ადგილებს უბრალოდ ვერ ტოვებს, თუ არ არის სპეციალურად შემუშავებული გეგმა, კონკრეტული ღონისძიებისთვის, რომელიც მტკიცდება მინისტრის ხელმოწერით. რა თქმა უნდა, ამ სპეცდანიშნულების დანაყოფებს თავიანთი ბაზები არ დაუტოვებიათ ასეთი გეგმის გარეშე. შესაბამისად, ამ გეგმაში იყო აბსოლუტურად მკაფიოდ გაწერილი ყველა ის ნაბიჯი, რისი გადადგმაც მათ შეეძლოთ. მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენების რეგლამენტებიც. გარდა ამისა, თითოეული სპეციალური საშუალების გამოყენება რეგულირდება სპეციალური განკარგულებებით. მაგალითად, თუ რეზინის ტყვია ითვალისწინებს მწარმოებლის მიერ ინსტრუქციით, რომ მისი ეფექტური გამოყენების მანძილი არის 10-15 მეტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს ბრძანება, რომელიც ამბობს, რომ ჩვენს რეალობაში ის გამოყენებული შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ 20 მეტრში. ასეთი დამზღვევი ფილტრები ბევრია, ბევრი არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში. შესაბამისად, როდესაც პოლიციას არა თუ ლეგიტიმური უფლება ჰქონდა ძალის გამოყენების, უბრალოდ არ ჰქონდა სხვა საშუალება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი დაეცვა ორგანიზებული შტურმისგან, მოხდა სპეციალური საშუალებების გამოყენება, რისი პირდაპირი უფლებაც ჰქონდათ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.