ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული იმ შედეგებით, როგორც მე ვარ, 20 ივნისის ღამის შემდეგ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ფრაქციის სხდომის შეწყვეტის შემდეგი.
მისი თქმით, უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და სიმართლეს უნდა გაუსწოროს თვალი.
"სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ 20 ივნისს, როდესაც ადამიანები გამოთქვამდნენ მშვიდობიან პროტესტს, ზოგიერთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და ისინი ორგანიზებულად, შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შემდეგ ჩვენ გვყავს დაზარალებული, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. და ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული იმ შედეგებით, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ. რა თქმა უნდა, სიმართლეა იმაში, რომ გვყავს ორი ადამიანი, რომელმაც დაკარგა თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად სიმართლე არის ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და სიმართლეს უნდა გაუსწოროს თვალი - სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის და პასუხისმგებლიანი ენის საშუალებით და არა იმ სპექტაკლებით, რომლებსაც ვაწყობთ პარლამენტში", - თქვა გახარიამ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მოსმენა შეწყვიტა.
ენმ ითხოვდა 20 ივნისის ღამეს დაშავებული მაკო გომური და სხვა მოქალაქეები სხდომაზე დასასწრებად პარლამენტის შენობაში შემოეშვათ.
მაკო გომური პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს, რაც სხდომის დატოვების მიზეზი გახდა.
"ჩვენ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად თქვენი გამოსვლის მოსმენა ასეთ პირობებში და ვწყვეტ სხდომას", - თქვა ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.