შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ კანონით პოლიციელსაც და სპეცრაზმელსაც უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი, რისთვისაც მინისტრის ან ხელმძღვანელის პირდაპირი ბრძანება არ სჭირდება.
"მინდა ხაზი გავუსვა, რომ გამოძიება მიჰყავს პროკურატურას. მე რომ ვთქვა ახლა, რატომ არ დამთავრდა დროზე, ან რატომ არ მთავრდება - ცოტა ისეთი თემაა. ეს პროკურატურას უნდა ჰკითხოთ. ალბათ, თუ რაღაც მტკიცებულებებს ელოდებიან, ან ექსპერტიზას ელოდებიან, ან დაკითხვას ელოდებიან, ჩვენებებს ელოდებიან, არ ვიცი. ალბათ დაამთავრებენ პროკურატურაში. მე ვერ გაგცემთ პასუხს. ვგრძნობ თუ არა პასუხისმგებლობას, ეს სხვა თემაა. ჩატარდა სპეცოპერაცია და კითხვას მე ასე შემოგიბრუნებთ: უკაცრავად, მაგრამ რატომაც არ მეკითხებით, ჩატაევის და მისი თანამზრახველები ვინც მოკლა, იმაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას? მაგაზე რატომ არ მეკითხებით? ეს არ არის საინტერესო? ყველა ვინც იქ დაიღუპა, ვინც იყო ჩატაევის გვერდით, მათი ოჯახებიც საუბრობენ - ზოგი ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგიც გერმანიაში, რატომ არ მეკითხებით მაგაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩატაევის სიკვდილზე, თანმხლებ პირებთან ერთად - არ შეიძლება ასე.
გავაიგივებ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მათი ოჯახის წევრი იყო, მაგრამ ეს ადამიანი, ეს ბავშვი იყო ჩათრეული. მე ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამ. მოტყუებით მიიყვანეს იქ. ადამიანი რასაც იქ წერდა - თავს ავიფეთქებ და 18 წლის ბავშვი იყო. ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება, ნაომარიც, მეომარიც და ა.შ. ეს ადამიანი იყო პატარა ბავშვი, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ ხოლმე, ჩათრეული იყო.
რაც მოხდა იქ, ამას პროკურატურა იძიებს. მას ჰქონდა ხელყუმბარა - არ ჰქონდა ხელყუმბარა, უნდა აეფეთქებინა თუ არა - უკაცრავად, ამაზე მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო?! თუ იტყვიან, რომ ეს დამნაშავეა, ის დაისჯება და ჩაჯდება ციხეში, მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?!", - განაცხადა გომელაურმა.