ამ ადამიანების სასამართლოში შესვლა დაგვირგვინება იქნება ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რომელიც მომზადებულია, არის უბედურება ქართული მართლმსაჯულებისთვის, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვინც აღნიშნულ სიას მხარს დაუჭერს, მხარს დაუჭერს „კორუფციას, სიბნელეს, ავტორიტარიზმს, კლეპროკრატიას, სინდიკატს და ბობოლებს“.
„ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არის ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი მოძალადე, ჯალათი მოსამართლეები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმთან ერთად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებდნენ ადამიანებს, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს უმართლებდნენ ხელისუფლებას, უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ამწესებდნენ. თამარ ალანია გვირგვანია ამ ყველაზე დიდი ბოროტების“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის სამარცხვინო პროცესი.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტში წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია.
ეს კანდიდატები არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.