"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი სოციალურ ქსელში ერთობლივ ვიდეომიმართვას ავრცელებენ და საზოგადეოებას 8 და 15 სექტემბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
ვიდეომიმართვაში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ "სააკაშვილებს და ბოკერიებს" საქართველოს მესამე მსოფლიო ომში ჩართვა სურთ, რაც განადგურებამდე მიიყვანს ქვეყანას.
მისივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსს" სურს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან.
"მინდა მივმართო ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ნუ ენდობით სააკაშვილებს და ბოკერიებს, მათთვის ახალგაზრდაც და მოხუციც მხოლოდ ფარია.
ისინი თქვენ ისევე გაგწირავენ, როგორც თავის დროზე გაწირეს კოდორი და ახალგორი.
ვეუბნებით ამერიკას და ევროპას, ნუ მფარველობთ სააკაშვილებს და ბოკერიებს, მათ ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს, იყავით ქართველი ხალხის გვერდით. მხარი ქართველ ხალხს დაუჭირეთ.
მსოფლიოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, დიდი სახელმწიფოები მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ, სააკაშვილებს და ბოკერიებს ამაში ჩვენი ჩართვა სურთ, რასაც მოჰყვება საქართველოს სრული დაშლა.
ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა, ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან", - ამბობს ირმა ინაშვილი ვიდეომიმართვაში.