საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. ცოტა ხნის წინ მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში თავისი მოღვაწეობის შესახებ საუბრობს.
ამავე განცხადებაში, პრემიერი წერს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანაში გვქონდეს ნეგატიური დღის წესრიგი და პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული გარემო.
"მეგობრებო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანაში გვქონდეს ნეგატიური დღის წესრიგი და პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული გარემო. იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოსა და დასავლეთის ქვეყნებშიც სულ უფრო იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, თუმცა, ეს სახელმწიფოები სისტემურად იმდენად მდგრადია, რომ ასეთ რყევებს უძლებენ − ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, ვინც ქართული საზოგადოების პოლარიზაციით მოიგებს, იქნება ოკუპანტი ქვეყანა.
მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, საკუთარი მოკლევადიანი ამოცანის გადასაწყვეტად, განგვისაზღვროს დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ რყევებზე გადის”, - წერს პრემიერი.