აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სამხედროების გაძლიერებას.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ვითარების ესკალაცია და იმუშაონ შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეების მეშვეობით.
ამასთანავე, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოუყენოს ყველა არსებული არხი ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სიტუაციის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფელი ჩორჩანაში 29 აგვისტოს გვიან ღამით საოკუპაციო ძალების ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება.
მოგვიანებით, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე სამუშაო შეხვედრა ჩაიშალა, რაზედაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.