„რაც ანა ნაცვლიშვილმა გაასაჯაროვა, ეს ჩემთვის უფრო ტრაგიკულია, ვიდრე კომიკური იმიტომ, რომ ეს დეპუტატები ხომ კვლავ დეპუტატები არიან“, - ეს განცხადება ნიკა მელიამ გააკეთა.
ნიკა მელია ამბობს, რომ ამ ყველაფრის გაგების შემდეგ დეპუტატებმა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს პასუხი უნდა მოსთხოვონ, მათი შეცდომაში შეყვანის გამო.
„შემრცხვა მათ მაგივრად, მაშინაც მრცხვენოდა, როდესაც იქ ვიყავი, მათ ნაცვლად იმიტომ, რომ ჩანდა ხელშესახებად, რომ დიდ ნაწილს არ უნდოდა იმის კეთება, რასაც აკეთებდა. ახლა, რაც ანა ნაცვლიშვილმა გაასაჯაროვა, ეს ჩემთვის უფრო ტრაგიკულია, ვიდრე კომიკური, იმიტომ, რომ ეს დეპუტატები ხომ კვლავ დეპუტატები არიან, ძვირფასო დეპუტატებო, ერთი წამით, რომ დაგიჯეროთ, რომ თქვენ შეცდომაში იყავით შეყვანილნი ბიძინა ივანიშვილის მიერ ან გენერალური პროკურორის, თადუმაძის მიერ, ერთნი არიან მაინც, ახლა მაინც, ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ხომ უნდა გამოხვიდეთ და პასუხი მოსთხოვოთ, როგორც მინიმუმ, გენერალურ პროკურორს, რომ რა გამიკეთე, რა მდგომარეობაში ჩამაგდე, რატომ მაკადრე. ეს ქვეყანა მართლაც კინოს გადასაღები პავილიონი არ არის და ამ კინოს გადასაღებ პავილიონში თქვენ მსახიობები ხომ არ ხართ, დეპუტატები ხართ და თქვენი სახელი და გვარები ისტორიას დარჩება და მე უფრო გგულშემატკივრობთ, მგონი თქვენ, ვიდრე თქვენ საკუთარ თავებს. ღირსება დაიცავით, თორემ ნიკა მელია რომ არ გაინტერესებთ, გასაგებია“, - ამბობს ნიკა მელია.
დეპუტატი ამბობს, რომ შეზღუდვების მიუხედავად, ის პარლამენტში საშემოდგომო სესიის დაწყებისას აუცილებლად მივა.
„3 სექტემბერს სახლიდან გამოვალ და მივალ პარლამენტში და დავესწრები საპარლამენტო სხდომას და, ალბათ, იქაც მექნება შესაძლებლობა, გავესაუბრო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება, თუმცა, ნიშნის მოგებას არავისთვის ვაპირებ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილი facebook-ზე წერს, რომ გენერალური პროკურორის მიერ პარლამენტისადმი გაგზავნილ წერილში, რომლითაც დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა მოითხოვა, საქმეში მითითებული სტრასბურგის 4 საქმიდან ერთი არ არსებობს, დარჩენილი სამი არ მიესადაგება მელიას საქმეს.
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა მელიას დაკავების სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. მელიას პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.