ჩვენი უძველესი ტრადიციები - სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის სიწმინდე და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ერთმანეთის თანადგომასთან, ჩვენი სამშობლოს მთავარი სილამაზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში, სახალხო ზეიმ “შუამთობაზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა შეკრებილ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და უხუცესებს უძველესი და ლამაზი ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.
“ბედნიერი ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ეს ულამაზესი ტრადიციები ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის,როგორც უფროსი თაობისთვის, რომელმაც შეგვინარჩუნა ეს ტრადიციები. თქვენ ხართ გაუტეხავი ქართული სულის მაგალითი, ეს მთები კი ჩვენი ძლიერი ფესვების დასტურია და ჩვენ გიერთდებით ამ ლამაზი ტრადიციების გაგრძელებაში. ჩვენთვის ქართულ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება დავიწყეთ, რომ საქართველოში ყველა კუთხე თანაბრად განვითარდეს. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ ზემო აჭარაში, იქნება ეს სკოლების, ბაღების, გზების მშენებლობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება თუ გაზიფიცირება. ვინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ ზემო აჭარაში გვექნებოდა ბუნებრივი გაზი. გაზიფიცირების მეორე ეტაპი დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მნიშვნელობის პროექტად შეაფასა ხულო-ზარზმის გზა, რომლის მშენებლობა უკვე დაწყებულია და გამოთქვა რწმენა, რომ ის უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდება.
მთავრობის მეთაურმა ასევე მიმართა ახალგაზრდებს, რომ ყველაფერი კეთდება, რათა თითოეულმა მათგანმა ღირსეული განათლების მიღება შეძლოს.