რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმიანება, თუმცა კონკრეტულ კომენტარს კარასინის ჩამნაცვლებლის შესახებ ჯერჯერობით არ აკეთებს.
"კომუნიკაციის არხი უნდა იყოს შენარჩუნებული აუცილებლად. ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები არა გვაქვს. არსებობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, უაღრესად მნიშვნელოვანი. არსებობს ასევე ორმხრივი დიალოგის ფორმატი, ე.წ. პრაღის ფორმატი, სადაც განიხილება კონკრეტული საკითხები, ვაჭრობა, ბიზნესი.
ამ ფორმატის ფარგლებში გვაქვს რეალური შედეგები, 2012 წლიდან დღემდე 1 600 000 000 დოლარის პროდუქციაა გატანილი რუსეთში", - თქვა აბაშიძემ "ქრონიკასთან" საუბრისას.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, უპირატესობა ივან ვოლინკინს მიენიჭება, რომელიც დღეს სამინისტროში საკონსულო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
სავარაუდოდ, ვოლინკინი იქნება რუსეთის მხარის წარმომადგენელი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.
საქართველოს მიერ ივან ბოლინკინი პერსონა ნონ-გრატად არის გამოცხადებული. დასმულ შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს აღნიშნულთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძე, მან თქვა, რომ "როგორც კი გვექნება ოფიციალური უწყება იმის თაობაზე, თუ ვინ შეცვლის ბატონ კარასინს, აუცილებლად გავაკეთებთ კომენტარს".