რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო აცხადებს, რომ რუსოფობია საქართველოში ხელოვნურია. მას ქართველი ხალხის სიბრძნისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის სჯერა. ინფორმაციას რუსული სააგენტო "ტასი" ავრცელებს.
"რუსოფობია საქართველოში ხელოვნურია. ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს ნეგატიური დამოკიდებულება რუსი ხალხისა და რუსეთის მიმართ", - განაცხადა პრესკონფერეციაზე მატვიენკომ.
ამავდროულად, მატვიენკომ ეჭვქვეშ დააყენა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში დაძაბულობის დასრულება „რადგან საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი".
"დღეს, საქართველოს ხელისუფლების პატრონები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ დაუახლოვდეს რუსეთს. აქტიურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხარჯავენ დიდ რესურსებს", - განმარტა მან.
"მაგრამ მე მჯერა ქართველი ხალხის გონიერებისა და სიბრძნისა, მჯერა, რომ, ადრე თუ გვიან, გააცნობიერებენ სად უნდა წავიდნენ, ვისთან უნდა წავიდნენ, როგორ იცხოვრონ. ისინი დემოკრატიული გზით აირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც იმუშავებს თავისი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებისთვის", - განაცხადა მატვიენკომ და დასძინა, „ნებისმიერმა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსმა იცის, რომ რუსეთი მტერი არ არის. რუსეთთან თანამშრომლობა ორმხმრივად სასარგებლოა ყველა თვალსაზრისით".
ფედერაციის საბჭოს სპიკერის განცხადებით, მას ჰყავს ბევრი ქართველი მეგობარი და ძალიან აფასებს ამ მეგობრობას.
"მჯერა, აუცილებლად დადგება დრო ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც რუსულ-ქართული ურთიერთობები გაუმჯობესდება", - თქვა მატვიენკომ.