რუსული ტუროპერატორები საქართველოს მთავრობის ინიციატივას პასუხობენ.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ერევნის გავლით რუსეთიდან საქართველოში სატრანზიტო გადაზიდვების სუბსიდირებას გეგმავს, რუსული ტუროპერატორები საქართველოს ტურებს არ გაყიდიან.
„არსებობს რეკომენდაციები, რომ ტუროპერატორებმა თავი შეიკავონ საქართველოს ტურების გაყიდვისგან“, - განაცხადა რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის პრესმიდვანმა ირინა ტიურინამ.
მისივე თქმით, მესამე ქვეყნის გავლით მარშრუტი, გამოადგებათ დამოუკიდებელ ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჩასვლას გეგმავენ.
„ასეთი ვარიანტი გამოადგება დამოუკიდებელ ტურისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლას ერევნის გავლით გადაწყვეტენ. მაგრამ ტუროპერატორები ასეთ პროდუქტს არ გაყიდიან, რადგან ჯერჯერობით ეს რეკომენდაცია მოქმედებს“, - აღნიშნა ტიურინამ.
საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმად რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათასამდე ევროთი დააფინანსებს.
პრიორიტეტულ სატრაზნიტო მიმართულებად ითვლება: რუსეთის ფედერაცია - ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და რუსეთის ფედერაცია - ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები.
8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. რუსული ავიაკომპანიები საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გამო 3 მილიარდი რუბლის (47 266 00 დოლარი) ზარალს ელოდებიან.