ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტის საბოლოო დასამარებას გეგმავს, რუსეთის მოთხოვნით, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის კომენტირებისას.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა არის ხელისუფლების მიზანი და ამაზე მუშაობს.
„ხაზარაძეს სერიოზული რესურსები აქვს და მისი პოლიტიკურ პროცესებში შემოსვლა შეცვლის გარკვეულწილად პოლიტიკურ ლანდშაფტს. ამასაც ხელს უშლის ხელისუფლება. გარდა ამისა, ხაზარაძეს აქვს ძალიან სერიოზული რესურსი საერთაშორისო ასპარეზზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ ძალიან მკაფიო განცხადებები ვაშინგტონიდან, ივანიშვილს სურს, ამ მიმართულებითაც გაანეიტრალოს ხაზარაძე. ეს არის რეალურად პოლიტიკური განეიტრალების სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს არც მართლმსაჯულებასთან და არც კონკრეტულად მიუკერძოებელი გამოძიების პროცესის ჩატარებასთან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, ვინც აპირებს, შევიდეს პოლიტიკურ წინააღმდეგობაში ბიძინა ივანიშვილთან, სწორედ პროკურატურის სადამსჯელო ოპერაციის სამიზნედ გახდომა ელოდება.
„ეს არის ის ქვეყანა, რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ნიშნავს იმას, რომ მან სრულიად დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა, ის არ აპირებს, რომ დათმოს ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.