მთავრობის მიერ ლევან ვასაძის დაფინანსება აღმაშფოთებელია, - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რომ სახელმწიფომ პრო-რუსული, ძალადოვრივი ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერის, ლევან ვასაძის ბიზნესი 600,000 ლარით დააფინანსა.
“მოგეხსენებათ რომ ქვეყნის ბიუჯეტი შედგება მათ შორის ღარიბი მოქალაქეების და წვრილი მეწარმეების მიერ გადახდილი გადასახადებისგან. მოვითხოვთ მთავრობამ განმარტოს რატომ აფინანსებს ღარიბი მოქალაქეებისგან აკრეფილი გადასახადებით მდიდრებს - მოგეხსენებათ რომ ბატონი ვასაძე მულტიმილიონერია, ფლობს უზარმაზარ აქტივებსა და ქონებას.
ამავე დროს, საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი რომ ბატონი ვასაძე რუსეთის გავლენის დეკლარირებული აგენტია და ცდილობს ოკუპანტი სახელმწიფოსთვის ხელსაყრელი დღის წესრიგის აქტუალიზაციას და ღიად გამოდის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგ. იგი ასევე ღიად გამოდის ძალადობის, მათ შორის პოლიციაზე ძალადობის მოწოდებებით. ასეთ სიტუაციაში, მისი ბიზნესის და შესაბამისად, ანტიდასავლური აქტივობის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ღიად პრორუსულ ძალებთან მჭიდრო კონტაქტსა და კოორდინაციას“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.