პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია განცხადებას ავრცელებს და ახალი მფლობელის მიერ სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით რუსთავი-2-ისა და მისი მომხრეების მოთხოვნას პასუხობს.
კაკულიას განცხადებით, არალოგიკურია ახალ მფლობელს მოსთხოვო იყოს არსებული იდეოლოგიის გამტარებელი, იმ პირობებში, როდესაც ერთ-ერთი პარტიის ლიდერი, რომელიც პრაქტიკულად მესაკუთრედ მოიაზრება, ამავე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ეს არის არა ტელევიზია, არამედ იდეოლოგია და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მძლავრი ინსტრუმენტი.
„საზოგადოების განვითარების პროცესში მედიის როლი თუ ის არის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მას უნდა ჰქონდეს ყველა ტიპის ინფორმაცია. მაშინ გამოდის, რომ ასეთი ტიპის პრეტენზია ტელევიზიას, ნებისმიერს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ამ შემთხვევაში. თუ ის ემსახურება საზოგადოების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ანუ, აწვდის მას ყველა ინფორმაციას და ამ შემთხვევაში შეიძლება მოითხოვო ახალი მფლობელისგანაც, რომ მან დაიცვას ეს მთავარი სტანდარტი მედიის დამოუკიდებლობის“,-აცხადებს რომან კაკულია.