პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია განცხადებას ავრცელებს და ახალი მფლობელის მიერ სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებასთან დაკავშირებით რუსთავი-2-ისა და მისი მომხრეების მოთხოვნას პასუხობს.
კომიტეტის თავმჯდომარე თავის განცხადებაში ასევე განმარტავს კრიტიკული მედიის არსს და მისი არსებობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„აქვე უნდა შევთანხმდეთ და განვსაზღვროთ თუ რას ნიშნავს კრიტიკული მედია. კრიტიკული მედია ჩემი აზრით არის ის მედია, რომელიც მთავრობას უსვამს იმ შეკითხვებს, რომელსაც ის არასოდეს არ დაუსვამდა თავის თავს და ნებისმიერი პასუხგაუცემელი შეკითხვა, რომელსაც პასუხს ვერ სცემს მთავრობა, რა თქმა უნდა, მედიამ ძალიან ხმამაღლა უნდა გააჟღეროს. ასევე გასაგებია, მთავრობის მხარდამჭერები რა შეკითხვებსაც არ დასვამდნენ, ასეთი შეკითხვის დამსმელი მედიაც აუცილებელია საზოგადოების განვითარებისათვის და ამ შემთხვევაშიც თუ პასუხები არ არსებობს, აუცილებელია მედიამ ეს ხმამაღლა თქვას. მაგრამ კრიტიკულ მედიას ის ვალდებულებაც აქვს, თუ მის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი არსებობს, მოკრძალებულად ეს აღნიშნოს მაინც, რომ არსებობდა და გააგრძელოს შემდეგ თავისი კრიტიკული მიდგომა.
და ასეთ სივრცეში, როდესაც ამ გაგების კრიტიკული მედიები არ გვაქვს, ჩვენ ვღებულობთ პოლარიზებულ მედიებს.
ჩვენ, საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა ჩამოვაყალიბოთ, რას ვგულისხმობთ კრიტიკული მედიის ქვეშ, რასაც მხოლოდ მივესალმები და წარმოუდგენლად მიმაჩნია საზოგადოების, მთავრობის, ხელისუფლების მოღვაწეობა კრიტიკული შეკითხვების გარეშე, მაგრამ სანამ არ დასრულდება სხვადასხვა იდეოლოგიაზე მორგებული ტელევიზიების კონკურენცია, ჩვენ გვერდზე გვრჩება მთავარი მიზანი, საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი“,-აცხადებს რომან კაკულია.