„ქართული დასის“ ლიდერ, ჯონდი ბაღათურია ნულოვანი საარჩევნო ბარიერის შემოღებით კმაყოფილია. როგორც მან საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა, ნულოვანი ბარიერის შემოღება ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა და ეს ვიღაც ჭკვიანის გაკეთებულია.
ბაღათურიას თქმით, იმ პარტიების რეიტინგი, რომლებსაც ნულოვანი ბარიერი არ მოსწონთ, 0,01%-ია.
„ვისაც რაღაც შანსი აქვს, რომ ერთ პროცენტამდე ავიდეს, ყველას მოსწონს. რატომ შეიძლება არ მოგწონდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ერთი პროცენტის შემთხვევაში ერთი კაცის გაყვანის გარანტიას გაძლევს? შენ თუ მეტის აღება შეგიძლია, ამას არავინ გართმევს. ათ პროცენტს აიღებ, ოც კაცს გაიყვან. „ნაციონალურ მოძრაობას“ იმიტომ არ აწყობს, რომ მან ერთპროცენტიანი პარტიების მხარდაჭერა დაკარგა“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ დიდ პარტიებს არ აწყობს.
„ვინ არის დიდი პარტია? ვინც ბევრ ხმას იღებს, ვისაც ბევრი ფული და რესურსი აქვს. ასეთი არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან ბევრს რომ ხმაურობს ბოკერიას „ევროპული ნაციონალური მოძრაობა“, ანუ გაევროპელებული „ნაციონალური მოძრაობა“, ისინიც კი ხვდებიან, რომ 5%-იანი ბარიერი მათთვის პრობლემაა. ბოლო პერიოდში „ევროპული საქართველო“ დისტანცირებული იყო „ნაციონალური მოძრაობისგან“, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ყოფნა დაიწყეს, რადგან დაინახეს, რომ მომავალში მათი პარლამენტში ყოფნა ისევ ამათზეა დამოკიდებული. ახლა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საჭიროების ხარისხი დაიკარგა, რაც ახალმა ინიციატივამ უზრუნველყო. თითქოს, ძალიან მარტივია, მაგრამ ეს დასაფასებელი სვლა იყო“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.