საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმება საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟოზეფ ბორელის შერჩევას. ზალკალიანი განცხადებას ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
"მოხარული ვარ საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს მეგობრის და ჩემი კოლეგის ჟოზეფ ბორელის შერჩევის გამო.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად მოღვაწეობის პერიოდში ჩვენ ხშირად გვქონია შეხვედრის და აზრთა გაცვლის შესაძლებლობა.
მისი ფასეულობების, გლობალურ საკითხებზე შეხედულებებისა და დიდი დიპლომატიური გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის უმთავრესი მიზნების და ამოცანების განხორციელებაში, რაც უკავშირდება ევროპის კონტინენტზე და მსოფლიოში მშვიდობას, კეთილდღეობას და განვითარებას.
საქართველო ბოლო პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად დაუახლოვდა ევროკავშირს, ბატონი ბორელი არის ჩვენი ევროპული არჩევანის და მისწრაფებების მხარდამჭერი და მე დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე მისი მოღვაწეობის პერიოდში, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ ევროკავშირში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე", - წერს დავით ზალკალიანი.
შეგახსენებთ, გუშინ, სამდღიანი დაძაბული და ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდეერები ევროკავშირის საკვანძო თანამდებობების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.