ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საქართველოში პარლამენტში ძალით შეჭრა და შტურმი არა მხოლოდ სიმბოლოა გადატრიალების, არამედ ტექნიკური განხორციელების საშუალებაა.
„საქართველოში ჯერჯერობით, მხოლოდ ამ გზით ხდებოდა გადატრიალება. თუ ის სკამია სიმბოლო, შტურმი ბევრად მძიმე რამის სიმბოლოა. შესაბამისად, პროპორციულობის განცდამ არც აქ უნდა დაგვაღალატოს. პრაქტიკულად, რამდენიმე წუთში მოხდა ამ ინციდენტის განეიტრალება და ნუ გგონიათ, რომ იოლი რამეა. 25-მდე ქვეყანა იყო, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნები და მეგობარი დელეგატები. ისინიც გაგებით მოეკიდნენ ამ სხდომის ჩაშლას და მალევე დატოვეს დარბაზი. ეს საკმარისზე მეტი რეაქცია იყო, რაც შეიძლება პირველ წუთებში მომხდარიყო. შესაბამისად, პარლამენტის შტურმით აღების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სამსახურმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც 3-საათიანი შტურმის მერე, 30-ზე მეტი დაშავებულის მერე გამოიყენა ძალა. აი ახლა, ამის შემდეგ შეიძლება საუბარი ძალის გამოყენების პროპორციულობაზე“,- აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.