პარლამენტის წინ შეკრებილი მიმდინარე აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისგენ მსვლელობას მართავენ.
მომიტინგეები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათი ხმა არ ესმის, სწორედ ამიტომ საჭიროა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლა და მოთხოვნების გაჟღერება. მოთხოვნები კი უცვლელია, დაისაჯონ 20 ივნისის სისხლიანი დარბევაში დამნაშავე სამართალდამცველები და გადადგეს მომხდარზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
მერვე დღეა, პარლამენტის შენობის წინ აქცია გრძელდება. თავდაპირველად მათ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, ისინი ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაგომას, 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და იმ სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ, ვინც ძალას გადაამეტა. ასევე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა და ხელისუფლებამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა და ყველა დაკავებული გათავისუფლდა.
20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შედეგად, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები და სამართალდამცველები. აქციის დაშლის შედეგად რამდენიმე ათეული მონაწილე მძიმედ დაშავდა, რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა. აქციის ორი მონაწილე კი, მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და ხელისუფლების შემდგომ ქმედებებს მოჰყვა.