შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ჟურნალისტებთან შეხვედრას მართავს. გიორგი გახარია 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, პოლიციელების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებიც იქ იდგნენ, გულწრფელად თანაუგრძნობდნენ აქციას, რადგან ბევრი მათგანი მსახურობს საოკუპაციო ხაზზე.
„პასუხი ერთის მხრივ მარტივია, მაგრამ ასევე რთულია. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კომპონენტი, იმაში რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან და შემდგომ ყველაფერი რაც ამას მოჰყვა, ჩვენ დღეს ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია სპეციალური სამსახურების გამოძიების საგანი გახდეს - უნდა გახდეს, განსაკუთრებით მას შემდეგ რა განვითარებაც მოჰყვა ამ ქმედებას. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ორი სხვადასხვა კომპონენტია. არსებობს კომპონენტი, რამაც გამოიწვია თავისუფალი მოქალაქის სამართლიანი პროტესტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ პოლიციელების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებიც იქ იდგნენ, დარწმუნებული კი არა ვარ, უბრალოდ ვიცი, რომ გულწრფელად თანაუგრძნობდნენ ამ პროტესტანტებს.
რატომ? იმიტომ, რომ ბევრი მათგანი მსახურობს საოკუპაციო ხაზზე, მათ ძალიან კარგად ესმით უსაფრთხოების და ოკუპაციის კომპონენტი, რამდენად მნიშვნელოვანია და ემოციურადაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათთვის. ამიტომ აქ არანაირი პრობლემა არ არსებობდა იმაში, რომ ისინი აბსოლუტურად თანაუგრძნობდნენ ამ პროტესტს. ეს არის ერთი ნაწილი, რა იყო გათვლილი და რას მიზანს ემსახურებოდა ამ ღონისძიების მესვეურების ქმედების უკან, იყო თუ არა გათვლები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეუქმნიდა რისკებს და სხვა, აბსოლუტურად სხვა საკითხია, რომელიც ასევე უსაფრთხოებას ეხება, ყველაფერი ის რა სახეც მიიღო შემდგომ ამ პროტესტმა. ორივე კომპონენტი განსახილველია უსაფრთხოების განზომილების თვალსაზრისით, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს არის სხვადასხვა კომპონენტი. ვერანაირ და ვერცერთ შემთხვევაში მე იმ პროტესტს, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა პარლამენტის წინ გამოხატეს, ვერ დავუკავშირებ უსაფრთხოების იმ შესაძლო რისკებს, რომელიც შესაძლებელია ყოფილიყო რუსი დეპუტატის ქმედებების უკან. ეს სხვადასხვა რამ არის. თუმცა ასევე ხაზგასმით
აღვნიშნავ: რა ფორმებიც მიიღო შემდგომ ამ პროტესტმა, ესეც ასევე, ქვეყნის უსაფრთხოების კომპონენტს ძალზედ სერიოზულად ეხება და ეს სხვა ფორმატში, მაგრამ ასევე განსახილველია.
ახალი შექმნილი რისკები, რომელიც ჩვენს წინაშეა და რომელსაც ჩვენ უკვე ყველა ვხედავთ, სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეებიც უკვე გრძნობენ, ეს გახდება მსჯელობის საგანი უახლოეს პერიოდში, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ პროცესი დასრულებული არ არის. ჯერ თემები საკმაოდ ცხელია.
პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ეკისრება ჩვენს შესაბამის უწყებებსაც, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოსაც, თუმცა ეს არ იყო გაანალიზებული და ეს არ ყოფილა განხილული. ამ ჭრილში სამწუხაროდ ეს ღონისძიება, რომელიც ჩატარდა პარლამენტში დანახული არ ყოფილა. ამას გეუბნებით გულწრფელად, შესაძლებელია, რომ იყოს შეცდომა ან არასაკმარისი ანალიზი, თუმცა ეს არის ფაქტი”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.