რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის დასრულებამდე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 26 ივნისს, 19:00-ზე განახლდება.
მეექვსე დღეა პარლამენტის შენობის წინ აქცია გრძელდება. ისინი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაგომას, 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლებასა და იმ სამართალდამცველების დასჯას ითხოვენ, ვინც ძალას გადაამეტა.
აქციის მონაწილეების ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა და ხელისუფლებამ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა.
20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის შედეგად, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ჟურნალისტები და სამართალდამცველები. აქციის დაშლის შედეგად რამდენიმე ათეული მონაწილე მძიმედ დაშავდა, რამდენიმე მათგანმა თვალი დაკარგა. აქციის ორი მონაწილე კი, მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და ხელისუფლების შემდგომ ქმედებებს მოჰყვა.