ხვალ, 26 ივნისს, 09:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება. სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორის მიმართვის საკიტხს განიხილავენ, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემას ითვალისწინებს.
გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობას სთხოვს. საქართველოს გენერალური პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს გამოძიებას 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით.
„აღნიშული გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით. ნიკანორ მელია ხვალ დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.