ხვალიდან გავაგრძელებთ მუშაობას უმნიშვნელოვანეს თემებზე, მივიღებთ კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის შესახებ, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დამტკიცების შემდეგ.
მისი თქმით, საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მსხვერპლი, რამდენიც უნდა ეცადონ უპასუხისმგებლო ძალები.
„საქართველო გააგრძელებს მშვიდობის, დემოკრატიის და უსაფრთხოების კონსოლიდაციას. რამდენიც არ უნდა ეცადონ უპასუხისმგებლო ძალები, რომ ამას რამე საფრთხე დაემუქროს, ხელისუფლება და საზოგადოება არ დაუშვებს მოვლენების ასეთ განვითარებას. ხვალიდან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას უმნიშვნელოვანეს თემებზე. მივიღებთ კანონს სასოფლო სამეურნეო მიწის შესახებ. დავამტკიცებთ განათლების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ეხებათ ზუსტად ამ ახალგაზრდებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. დავამტკიცებთ ცვლილებებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ და გავაგრძელებთ სვლას უკეთესი, უფრო განვითარებული და მშვიდობიანი მომავლისაკენ. ეს იქნება პარლამენტის დღის წესრიგი და მე კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ ყველა თქვენგანს, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულ რეჟიმში, მშვიდი და საქმიანი პოლიტიკის ფარგლებში, ასევე, სამართლიანი პოლიტიკის ფარგლებში შევეცდებით, რომ ჩვენ ეს შედეგები განვახორციელოთ. მაქვს თქვენგანაც იგივე მოლოდინი და დასასრულ, მე მინდა ასევე ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ჩემს მაჟორიტარულ ოლქს, გურიას და გურულებს, რომელთა მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის და მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც“, - განაცხადა თალაკვაძემ.