"მესმის რუსეთის ხელისუფლების რეაქცია იმაზე, რაც აქ ხდება, იმ ისტერიაზე, რომელსაც სამწუხაროდ ვხედავთ, მაგრამ მინდა იმედი მქონდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ზომებზე შეჩერდება და მეტ შეზღუდვებს არ დააწესებს", - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ რუსულ გამოცემა "იზვესტიასთან" ინტერვიუში განაცხადა.
რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ბურჯანაძემ უპასუხა, რომ ეს საქართევლოსთვის ყველა მიმართულებით მძიმე იქნება.
"რა თქმა უნდა, საქართველო ბევრს დაკარგავს. არა მხოლოდ ემოციურ და ადამიანური თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური კუთხითაც", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, საქართველოში მიმიდნარე მოვლენებში რუსეთი და სერგეი გავრილოვი არაფერ შუაშია და დემონსტრანტების გულწრფლი პროტესტი აქტიურად გამოიყენეს პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროტესტი ანტირუსულ ისტერიაში გადაზრდილიყო.
"განსაკუთრებით შეეცადნენ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტიები. ყველაფერი წინასწარ იყო განზრახული, რათა პროტესტი ანტირუსულ ისტერიაში გადაზრდილიყო. სამწუხაროდ, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება - ეს ანტირუსული ისტერიაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარეთ არა 2019, არამედ 2008 წელია და თითქოს ხალხმა ახლა გაიგო, რაც მოხდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს რა თქმა უნდა, უფრო მწვავდება ამერიკული სპეცსამსახურების მიერ", - აცხადებს ბურჯანაძე.