საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
"რამდენი ხანია აქ ვარ და ვფიქრობდი, რომ პირველი ვიქნებოდი და მინდოდა, რომ პირველს მომემართა თქვენთვის, მაგრამ ვერ გავბედე. ვერ გავბედე იმიტომ, რომ ვერ დაგიცავით. ახალგაზრდები ვერ დავიცავი ვერანაირად იმ სისხლიან ღამეს.
რასაც მე ტელევიზორში ვუყურებდი, მინდოდა, რომ მე ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა. ნუ იქნებოდნენ სხვები...
მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც ერთ-ერთი მშობელი, როგორც იმ გოგოს დედა, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც თქვენი თანამოქალაქე. მე ვარ დამნაშავე, რომ დღეს ისევ მეორდება ასეთი საშინელებები და ასეთი სისხლიანი ღამეები, როგორც გვახსოვს...
ძალიან მიყვარხართ, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. მეტირება და ძალიან ვდარდობ, რომ იმ ღამეს თქვენს გვერდით არ ვიყავი", - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან ანტირუსული საპროტესტო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო.
აქციას წინ უძღოდა, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსი კომუნისტისა და დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერატის უმაღლესი ტრიბუნის დაკავება.
ამ სრულიად აღმაშფოთებელ ფაქტს მოჰყვა პროტესტი თავდაპირველად პარლამენტში, სადაც „ევროპული საქართველოს" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა" გავრივოლი აიძულეს დაეტოვებინა პარლამენტის შენობა, რასა ეწინააღმდეგებოდნენ „პატრიოტთა ალიანსის" წევრები - ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.
მოგვიანებით, ასამბლეამ და რუსმა დეპუტატებმა გადაინაცვლეს სასტუმრო რადისონში, სადაც ასევე გაიმართა მოქალაქეთა აქცია, გავრილივოს თავხედური ქმედების დასაგმობად.
ცოტა ხანში, გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები იძულებულები გახდნენ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას და ზაქარია ქუცნაშვილის მანდატის დატოვებას ითხოვდნენ, ვითარება გვიან ღამით დაიძაბა.
სიტუაციის დაძაბვა, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მოწოდებას მოჰყვა. აქციის მონაწილეების ნაწილს, რომლებიც ცდილობდნენ შეჭრილიყვნენ შენობაში, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით და მოგვიანებით წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო.
აქციის დაშლის დროს დაშავდა ათეულობით ადამიანი, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები, ოპერატორები.