„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დღეს ხელისუფლებაში მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება, „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ.
„ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლომ, მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში. ბოლო პერიოდში რაც ქვეყანაში ხდება, არის რუსული სცენარი სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. მე ვერ დავადანაშაულებ ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს. მგონია, რომ ხელისუფლების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება, ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეული წარმომადგენლები და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები ამ ღერძს შეადგენენ. რა მიზეზიც არ უნდა იყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება. ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა, რომ რომელიმე არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით. არ გაბედოთ ამის გაკეთება, რადგან ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში, ეს შედის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის ინტერესებში,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.