თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ BBC-მ ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ძალიან განაწყენდა, როდესაც რუსეთის დელეგაციის ლიდერი [სერგეი გავრილოვი] იხილა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.
"ეს იყო არამხოლოდ გასაკვირი, არამედ საწყენი მთელი მოსახლეობისთვის", - თქვა მან.
მისი განცხადებით, საპროტესტო აქციები, რომელიც მოჰყვა გავრილოვის ქმედებას, იყო ერთგვარი გამოხატულება იმისა, რომ ქართველების იმედგაცურებულებიან არიან რუსეთის ქმედებებით, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და პერიოდულად ცდილობს მის დაშინებას.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრობლემა არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ძალიან გულწრფელი და სამართლიანი პროტესტის შემდეგ, გარკვეული ნაწილი ეცადა, რომ ეს პროტესტი გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებისთვის.
"პოლიცია მთელი საღამო ინარჩუნებდა სიმშვიდეს, სანამ ცხადი გახდებოდა, რომ ეს იყო პარლამენტზე თავდასხმა", - დასძინა მან.
BBC-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, პრეზიდენტის აზრით, შეინარჩუნებდა თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა "რა თქმა უნდა, დარჩება".
"რეგიონში საქართველოს სტაბილურობა პრობლემას უქმნის რუსეთს. დღეს, საქართველოში სტაბილურობა კი თავის მხრივ შინაგან საქმეთა მინისტრს უკავშირდება, ის კი ძალიან პატივცემული ადამიანია.
საქართველო უცვლელად დგას დასავლეთისკენ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მომავალ თვეს ჩვენ ვმასპინძლობთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციას. სწორედ ამ დროს გაჩნდა დესტაბილიზაციის მიზეზი.
რასაკვირველია, რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს მისწრაფებებს ევროპისა და ნატოსკენ. შესაბამისად, არც ის არის გასაკვირი, რომ ბატონი მედვედევი თავს დამესხა, რუსეთს ოკუპანტი რომ ვუწოდე. აბა სხვა რა არის ის, განა არ იციან?!
ინტერვიუს ორიგინალი იხილეთ ლინკზე
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან ანტირუსული საპროტესტო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო.
აქციას წინ უძღოდა, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსი კომუნისტისა და დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერატის უმაღლესი ტრიბუნის დაკავება.
ამ სრულიად აღმაშფოთებელ ფაქტს მოჰყვა პროტესტი თავდაპირველად პარლამენტში, სადაც „ევროპული საქართველოს" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა" გავრივოლი აიძულეს დაეტოვებინა პარლამენტის შენობა, რასა ეწინააღმდეგებოდნენ „პატრიოტთა ალიანსის" წევრები - ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.
მოგვიანებით, ასამბლეამ და რუსმა დეპუტატებმა გადაინაცვლეს სასტუმრო რადისონში, სადაც ასევე გაიმართა მოქალაქეთა აქცია, გავრილივოს თავხედური ქმედების დასაგმობად.
ცოტა ხანში, გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები იძულებულები გახდნენ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას და ზაქარია ქუცნაშვილის მანდატის დატოვებას ითხოვდნენ, ვითარება გვიან ღამით დაიძაბა.
სიტუაციის დაძაბვა, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მოწოდებას მოჰყვა. აქციის მონაწილეების ნაწილს, რომლებიც ცდილობდნენ შეჭრილიყვნენ შენობაში, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით და მოგვიანებით წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო.
აქციის დაშლის დროს დაშავდა ათეულობით ადამიანი, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები, ოპერატორები.