ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია Amnesty International-ი ეხმიანება თბილისში განვითარებულ მოვლენებს და ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ ჩაატაროს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლისას, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების თაობაზე.
ორგანიზაცია თავის განცხადებაში, ხაზგასმით აღნიშნავს პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტებისადმი სასტიკ მოპყრობას.
Amnesty International-ის განცხადებით, ვინაიდან მოსალოდნელია საპროტესტო აქციების გაგრძელება, აუცილებელია პოლიციამ იმოქმედოს შესაბამისი ინსტრუქციებით, თავშეკავებულად, რათა მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან ანტირუსული საპროტესტო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო.
აქციას წინ უძღოდა, მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რუსი კომუნისტისა და დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერატის უმაღლესი ტრიბუნის დაკავება.
ამ სრულიად აღმაშფოთებელ ფაქტს მოჰყვა პროტესტი თავდაპირველად პარლამენტში, სადაც „ევროპული საქართველოს" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა" გავრივოლი აიძულეს დაეტოვებინა პარლამენტის შენობა, რასა ეწინააღმდეგებოდნენ „პატრიოტთა ალიანსის" წევრები - ადა მარშანია და ემზარ კვიციანი.
მოგვიანებით, ასამბლეამ და რუსმა დეპუტატებმა გადაინაცვლეს სასტუმრო რადისონში, სადაც ასევე გაიმართა მოქალაქეთა აქცია, გავრილივოს თავხედური ქმედების დასაგმობად.
ცოტა ხანში, გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები იძულებულები გახდნენ დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას და ზაქარია ქუცნაშვილის მანდატის დატოვებას ითხოვდნენ, ვითარება გვიან ღამით დაიძაბა.
სიტუაციის დაძაბვა, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მოწოდებას მოჰყვა. აქციის მონაწილეების ნაწილს, რომლებიც ცდილობდნენ შეჭრილიყვნენ შენობაში, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით და მოგვიანებით წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო.
აქციის დაშლის დროს დაშავდა ათეულობით ადამიანი, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები, ოპერატორები.