რუსეთმა უნდა მიიღოს მონაწილეობა გამოძიებაში თბილისში არეულობების ორგანიზატორების გამოსავლენად, თუმცა შექმნილმა სიტუაციამ არ უნდა იმოქმედოს ორი ქვეყნის მოქალაქეებზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განუცხადა.
„ჩვენ მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეებში, მაგრამ რუსეთის მიმართ აგრესიული და მტრული ქმედებები უნდა გამოვიძიოთ", - განაცხადა გავრილოვმა.
მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო დუმის დეპუტატები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს და დასჯის თბილისში არეულობების ორგანიზატორებს, თუმცა რუსეთი თავის მხრივ მზად არის მონაწილეობა მიიღოს ამ არეულობების ავტორების გამოვლენაში.
„ამასთან, მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქმედებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს კეთლმეზობლობასა და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ასევე ჩვენი ეკლესიების ურთიეთობაზე, რადგან ურთიერთობების დაბლოკვა წარმოადგენს ექსტრემისტების მიზანს, რომლებმაც სცადეს სახელმწიფო გადატრიალება და საბაბდ მართლმადიდებლური საპარლამნეტთაშორისო ფორუმი გამოიყენეს", - განაცხადა გავრილოვმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობდა, რასაც ოპოზიციისა და მოქალაქეების პროტესტი მოყვა.
ირაკლი კობახიძის გადაგომის მოთხოვნით 20 ივნისს პარლამენტის წინ აქცია გაიმართა, რომელიც ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა. გამოყენებული იყო ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი.
საზოგადოების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.