ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის მიმართვა სამწყსოსადმი:
„ძვირფასო სამწყსოვ, ქრისტესმიერსაყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო!
დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში მოხდა უაღრესად სამწუხარო ფაქტი. იმ ვითარებაში, როცა ჩვენი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი დაპყრობილია რუსეთის სახელმწიფოს მიერ, და საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი საკუთარი კერებიდან არის განდევნილი და ღირსებაშელახული, სრულიად მიუღებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც დღესაც, საქართველოში სტუმრობისას, მათ ქართველ კოლეგებს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას მოურიდებლად გვიცხადებს, რომ მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოკვეთას დედა სამშობლოს წიაღიდან, და მოცემულ რეალობასთან შეგუებას გვირჩევს, მართლმადიდებლური სამყაროს სახელით ხელმძღვანელობდეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამართულ საპარლამენტთაშორისო ფორუმს.
განსაკუთრებული ყურადღების საგანია ის, რომ:
- ეს არის საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც მიღებული აქვს კანონი ოკუპაციის შესახებ;
- ეს არის ის ისტორიული ადგილი, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რითაც დიდ ქართველთა სანუკვარი იდეალები აღასრულა.
ვფიქრობთ, რომ ამ ქმედებით ჩრდილი მიადგა ჩვენი სახელმწიფოებრიობის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს!!!
ჩემო ძვირფასო სულიერო შვილებო,
პირადად ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირისთვის, უაღრესად სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სიტყვა მართლმადიდებლობა სრულიად დაცლილია წმიდა სახარებისეული შინაარსიდან და გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ბნელი და უაღრესად საშიში პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ. ამიტომაც დავძენთ შემდეგს:
იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენას არაფერი აქვს საერთო იმ დამპყრობლურ ინტერესებთან და ქმედებებთან, რასაც რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოსთან მიმართებით“,- ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლის მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.
რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან სხდომას გაუძღვა, რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს.
მოგვიანებით, სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები.
რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა.
სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.