რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას.
"ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - წერს ჩუგოშვილი ფეისბუკზე.
შეგახსენებთ, დღეს რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სერგეი გავრილოვი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 26-ე ასამბლეის სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვება.
ასამბლეას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
საზოგადოების მხრიდან რუსი დეპუტატების ვიზიტს საქართველოში პროტესტი მოჰყვა. გუშინ, ავლაბრის საპრეზიდენტო სასახლეში აქტივისტებმა რუს დეპუტატებს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.
გუშინ, უკრაინის ელჩმა ავლაბრის სასახლე, სადაც რუსი დეპუტატი სიტყვით გამოდიოდა, პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც იგორ დოლგოვმა განაცხადა, მისთვის მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.
სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გარდა ამისა, იგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.