საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენი“, წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ წერდა. წყაროს ინფორმაციით, სერგეენკომ სამუშაო კაბინეტიდან საკუთარი ნივთები უკვე გაიტანა.
"ჯი-ეჩ-ენისთვის" ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილება, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და მეორე კანდიდატი სააჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე.
"ჯი-ეიჩ-ენი", ინფორმაციის გადასამოწმებლად პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს დაუკავშირდა. პარლამენტარმა, მისი კანდიდატურის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განხილვასთან დაკავშირებით უარყო, ასევე უარყო დავით სერგეენკოს თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია.
„6 თვე არ გავა, რომ სერგეენკოს წასვლაზე ჭორი არ გავრცელდეს. რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში.
ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობს, 2015 წელს კი მან კლინიკის დირექტორის პოსტი დაიკავა.