ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც იგი გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან ორ პარალელურ აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. გარდა ამისა, ის ხვალ, კვირას, ვერის ბაღში, 20:00 საათზე აქციას აანონსებს.
გუშინ, 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, პარალელურად ორი აქცია გაიმართა.
თავდაპირველად, მთავრობის შენობასთან აქცია 19:00 საათზე „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა დაანონსეს, მას შემდეგ რაც საპატრიარქომ 18-23 ივნისს ლგბტ პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვას პრაიდის ჩატარება.
„თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული აქციის გამართვამდე, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ თბილისში ლგბტ პრაიდის გამართვას.
მოგვიანებით, კონტრაქციის ორგანიზატორებმა მედიასთან განაცხადეს, რომ მათი მიზანი „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო. აქციის განმავლობაში კონტრაქციის მონაწილეები შეურაცხყოფას აყენებდნენ პარალელური აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, მათ მხარდამჭერებს, ჟურნალისტებს, ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურადაც ეხებოდნენ მათ.
გვიან ღამით, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.