ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე კომპანია დამოუკიდებლად ახორციელებს ფაქტების მოკვლევას, - განაცხადა პრეკონფერენციაზე კომპანია „ავიატორი +"-ის დირექტორის მოადგილემ, გიორგი მოლოდინაშვილმა.
მისი თქმით, გავრცელდა ინფორმაცია და "ჩვენ საჭიროდ ვთვლით, რომ მოგახსენოთ ის, რაც არის რეალობა".
"გაცხადდა, რომ ვერტმფრენს არ ჰქონდა გარკვეული აღჭრვილობები, აქ იყო შავ ყუთზე საუბარი. შავი ყუთი ამ კლასის ვერტმფრენებზე არ არის გათვალისწინებული და არც უნდა ჰქონოდა. რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიებს ვერტმფრენი იყო უმაღლესი კლასის და მას გააჩნდა ძალიან მაღალი კლასის ტექნოლოგიები; რაც შეეხება ტექნიკურ დათვალიერებას და მის ტექნიკურ გამართულობას, მინდა მოგახსენოთ, რომ ვერტმფრენმა გაიარა ტექნიკური დათვალიერება 2019 წლის 22 მაისს და ამ ტექნიკური დათვალიერების დოკუმენტიც გვაქვს. ტექნიკურ დათვალიერებას ზედამხედველობას უწევდა ჩვენი კონტრაქტორი, წარმოების ავტორიზებული წარმომადგენლობა ევროპაში "ბელ პრაღა", და მთელ პროცესს ზედამხედველობას უწევდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ამ ბორტით დაფრინავდა ყველა თანამშრომელი, მათ შორის, მეც, ჯგუფის მენეჯმენტი და ასევე მფლობელი. შესაბამისად, ამაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს", - განაცხადა მოლოდინაშვილმა და აღნიშნა, რომ კომპანია თავის მხრივ დამოუკიდებლად ახორციელებს ფაქტების მოკვლევას საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინაციით, რათა დაჩქარდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენა.
6 ივნისს, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, "რუმს ჰოტელ ყაზბეგი"-ს კუთვნილი ვერტმფრენი - ე.წ. "ყანების ტერიტორიაზე", დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგის" ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.