მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში არავითარი პოლიტიკური გეგმები არ არსებობს, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
"პოლიტიკური გეგმები არ არსებობს. გეგმები იყო ძალიან მარტივი, ადამიანური: მე ვუთხარი მედიას, ის, რასაც ვფიქრობდი, რომ მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს. ამიტომაც დავუბრუნე. სულ ეს არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
"ნასტოიაშეე ვრემიას“ ჟურნალისტის გრიგორი ჟიგალოვის შეკითხვაზე, ხომ არ შეხვედრია სააკაშვილს, ან მათ შორის სატელეფონო საუბარი ხომ არ გამართულა, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ სააკაშვილმა მას სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობა გადაუხადა.
"ის მწერდა, აკეთებდა ვიდეოჩანაწერს სოციალურ ქსელებში. მადლობას მიხდიდა. მწერდა WhatsApp-ში. რისთვის მიხდის მადლობას? მე უბრალოდ ჩემს სამუშაოს და ჩემს დაპირებებს ვასრულებ. მე ძალიან ცოტა დაპირება მაქვს და მინდა, შევასრულო“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.