აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა. ახალი მინისტრი საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უკვე წარუდგინა.
,,განათლების სფეროში ხორციელდება ეროვნული იდეა, რეფორმა და მნიშვნელოვანია, რომ ყველანი ძალიან აქტიურად ვიყოთ ჩართული მის განხორციელებაში. ასევე, აჭარაში განათლების სამინისტრო ახორციელებს ყველა იმ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც უკავშირდება ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის განვითარებას და დარწმუნებული ვარ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით გვექნება ძალიან ბევრი წარმატება. რესურსი, რომელიც იქნება განათლების სექტორის მიმართულებით გადანაწილებული, დაიხარჯება განათლების რეფორმის კუთხით, რითაც შევძლებთ ჩვენი ქვეყანა ვაქციოთ ერთ-ერთი ყველაზე განათლებულ ერად წარმატებულ ქვეყანათა შორის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
დღემდე მაია ხაჯიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა. 2005 წლიდან განათლების სამინისტროში იურიდიული სამსახურის უფროსი იყო, ასევე ამავე უწყებაში შესყიდვებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.
განათლების სამინისტროდან, აჭარის უმაღლეს საბჭოში 2017 წელს გადავიდა, როცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე გახდა.