"ჩვენი ხედვა არის, რომ ყველა კანონის წინაშე თანასწორია", ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე რეგიონის მთავრობის სხდომის დაწყებამდე, გუშინ, ბათუმის მერიის ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამშრომლების დაკავების ფაქტს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ განმარტა, თანამდებობა არ არის ხელშეუხებლობის გარანტია.
"არ გვჭირდება ზედმეტი პოლემიკა ამ ნაწილში - ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, პატივი ვსცეთ უდანაშაულობის პრეზუმციას. მოგმართავთ თქვენ და ყველა საჯარო მოხელეს, რომ მაქსიმალურად მოხდეს კოორდინაცია, მობილიზაცია, არ შეფერხდეს საქმე. ახლა გვმართებს განსაკუთრებით ყურადღებით, თავდაუზოგავი შრომა და ყველა დასახული ამოცანის შესრულება, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ ყველა დასახული ამოცანა შესრულდება ფრიადზე" - უთხრა მინისტრებს მთავრობის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში 7 მაღალჩინოსანი დააკავეს. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.