ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, ბათუმის მერმა პირველი კომენტარი გააკეთა. მოქმედი მერი სწრაფ და ობიექტურ გამოძიებას ელოდება, რომელიც ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს.
"გუშინ განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო, ვინაიდან კარგად ვიცნობ თითოეულ დაკავებულ პირს.
ასევე, ეს ფაქტი მძიმეა ჩემთვის, როგორც მერისთვის, ვინაიდან თითოეული დაკავებული ადამიანი იკავებს საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციას მუნიციპალიტეტში, ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის კადრები მრავალწლიანი გამოცდილებით შესაბამის სფეროებში. აბსოლუტურად მესმის ბრალდებების სიმძიმე, რომელიც ჩვენს კოლეგებს აქვთ წაყენებული, ამიტომ ვიმედოვნებ რომ ჩატარდება სწრაფი და ობიექტური გამოძიება, რომელიც თავის ადგილზე დააყენებს ყველაფერს. აქვე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, მუნიციპალიტეტი, მისი ყველა სამსახური და ორგანიზაცია ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შეუფერხებლად შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს", განაცხადა ლაშა კომახიძემ.