„მე არ ვარ აქ ჩამოსული არანაირი თანამდებობისთვის და არ ვეძებ არანაირ თანამდებობას," - ეს განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტში გააკეთა.
სააკაშვილმა პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს მთავარი უკრაინის განვითარება და უკრაინელი ხალხია.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინელ ხალხს მიმართა, მისცენ შანსი მათთან ერთად განახორციელოს რეფორმები. სააკაშვილის თქმით, ის გეგმავს, დაეხმაროს ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა.
"მინდა, ყველას საყურადღებოდ ვთქვა, მე ამდენი წლის განმავლობაში ვიყავი პლიტიკაში, ვიყავი პრეზიდენტი, ვიყავი გუბერნატორი ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ოლქის უკრაინაში, თუმცა მე არაფერი მიშოვია სახელის გარდა. ახლა კი მინდა თქვენთან ერთად მოვახდინო გარღვევა უკრაინისთვის. მომეცით შანსი, რომ მიმოვიხედო გარშემო და შემდეგ უფრო ვრცლად შევძლებ თქვენთან დალაპარაკებას. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავეხმარო უკრაინის ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომ აქ მოხდეს უკრაინის ახალი პოლიტიკური კლასის ჩამოყალიბება. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ უკრაინის პოლიტიკაში მოვიდეს ბევრი ახალი ადამიანი. მე არანაირი მოლაპარაკებები არ მქონია დანიშვნასთან დაკავშირებით." - აღნიშნა სააკაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პეტრო პოროშონეკომ 2015 წლის 29 მაისს, ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამდე ერთი დღით ადრე მიანიჭა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა გუბერნატორის თანამდებობიდან გადადგა და ოპოზიციაში გადავიდა. უმაღლესი რადას წევრმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ 2017 წლის 27 ივლის განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს მიერ რამდენიმე დანაშაულისათვის იძებნება, უკრაინის მოქალაქეობა „მოქალაქეობის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-19 და 21-ე მუხლების საფუძველზე შეუწყდა.