ქართველ ხალხს ტყუილად ნუ მოუყვებიან ქოცები, რომ უკრაინაში დაბრუნებით საქართველოზე ვამბობ უარს, - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შემდეგ.
მისი თქმით, უკრაინაში მისი დაბრუნება არ ნიშნავს, რომ საქართველოში გამარჯვებაზე უარს იტყვის.
„უკრაინაში ჩვენი პროგრესის მტრები და ჩემი მტრები დამარცხდნენ ამ ეტაპზე და ზუსტად ასე დამარცხდებიან საქართველოში. ამაში ვარ დარწმუნებული. მე ერთი წამით არ დამიკარგავს რწმენა ჩვენი გამარჯვების და ჩვენი საქმის გამარჯვების უკრაინაში. რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი საზრუნავი, მე ვარ მთავარი ჭირისუფალი საქართველოსი და საქართველოს წარმატების მთავარი გულშემატკივარი. ქართველ ერს, ქართველ ხალხს ტყუილად ნუ მოუყვებიან ქოცები, რომ უკრაინაში დაბრუნებით საქართველოზე ვამბობ უარს. მე საქართველოსთან ბევრად ახლოს ვიქნები, ბევრად ახლოს ქართველ ხალხთან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამდე ერთი დღით ადრე მიანიჭა.
სააკაშვილი გუბერნატორის თანამდებობიდან 2016 წლის ნოემბერში, პოროშენკოსთან ურთიერთობების გაუარესების გამო გადადგა, ოპოზიციაში გადავიდა და 2017 წლის დასაწყისში საკუთარი პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დააფუძნა.
უმაღლესი რადას წევრმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ 2017 წლის 27 ივლის განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს მიერ რამდენიმე დანაშაულისათვის იძებნება, მოქალაქეობა „მოქალაქეობის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-19 და 21-ე მუხლების საფუძველზე შეუწყდა.