პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყველას გამარჯვება- ჭიათურის და მთელი ქვეყნის, - განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხელ ბატიაშვილმა მაღაროელების გაფიცვის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ყველას გამარჯვება- ჭიათურის და მთელი ქვეყნის. ყველას გვაწუხებდა ეს პრობლემა და პირველივე დღიდან ვაკვირდებოდით პროცესს. ცოტა ხნის წინ ვიყავი ჭიათურაში პედაგოგებთან შეხვერაზე და ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის - დღეს ეს ყველაფერი დასრულდა შეთანხმებით მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს ჭიათურლების პირობების დაკმაყოფილებას;
ჩვენი მიმართულებით უნდა აღვნიშნო მთავარი - მოსწავლეები აქ იკრიბებოდნენ გაკვეთილების შემდეგ და მადლობა მათ ამისთვის. რაც მთავარია, ეს ყველაფერი დასრულდა, უკვე სამუშაო რეჟიმი აღდგება, რამდენიმე ბავშვი, ვინც მონაწილეობდა, ჩვეულ სასწავლო რეჟიმს დაუბრუნდება.
ვფიქრობ, რომ ეს არის ყველას დამსახურება, მათ შორის ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ საპროტესტო აქციაში იყო ჩართული. კომპანიამაც გადადგა დიდი ნაბიჯი. ვფიქრობ, ეს არის ყველა მხარის გამარჯვება და მომავალში ჭიათურის განვითარების წინაპირობა” - განაცხადა მიხელ ბატიაშვილმა.
ჭიათურაში მაღაროელებმა 16 მაისს დაწყებული გაფიცვა შეწყვიტეს. 1-ლი ივნისიდან მაღაროელებს ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ, წლის განმავლობაში კი 10 %-ით. მაღაროელების თქმით, ისინი მუშაობას განაახლებენ. მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ 15 მაღაროელი კი 11 დღე შიმშილობდა. 3-მა მაღაროელმა პოტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. მაღაროელები ხელფასის მომატებას, კვებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებასა და ქალაქში ეკოლოგიური მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. მაღაროელები ხელფასის 50%-ით მატებას ითხოვენ. "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჩიქოვანი აცხადებდა, რომ კომპანიას სახელმწიფო მათ მადნის მოპოვების ნებართვას არ აძლევს, რის გამოც აღაროელებისთვის მხოლოდ ხელფასის 10-15%-იანი ზრდის შეთავაზება შეუძლიათ.