ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში ბავშვი შოკურ მდგომარეობაში შეიყვანა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის ოჯახში ამბობენ, რომ ისინი ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებული ხორცის მიღების შემდეგ თავადაც მოიწამლნენ.
"ხორცი შევიძინე, მოვამზადე და მივირთვით. ბავშვი დაახლოებით ნახევარ საათში მოიწამლა. მეც ცუდად გავხდი, გონებას ვკარგავდი. ჯერ მე დამეწყო პირღებინება და მერე ჩემი შვილი გახდა ცუდად", - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა ელზა გაბისაშვილი.
შემთხვევა 9 მაისს საღამოს მოხდა. საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო. პროდუქტის ნიმუშები ექსპერტიზაზე უკვე გადაგზავნილია.