ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. ტაძრის კურთხევა საქართველოში ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს მოხდა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა. დღესვე, ილია მეორემ 7 ბავშვი მონათლა.
ტაძარში ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლია განთავსებული. ის საქართველოში ათონის მთიდან 2016 წლის 5 აპრილს ჩამოაბრძანეს. ტაძარში ასევე წმინდა მამის გაბრიელ ათონელის ხატი ინახება.
ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც, 2012 წლიდან მიმდინარეობს. დაიწყო. 2015 წლის სექტემბერში კი ტაძრის მთავარი ჯვარი აკურთხეს და ტაძრის გუმბათზე განათავსეს.
ტაძრის მშენებლობაზე თანხას მორწმუნეები აგროვებდნენ. თანხის შეწირვა შესაძლებელია როგორ საკუთარი სახელით, ისე გარდაცვლილი ან ცოცხალი შვილის სახელით. სულ შეგროვდა 1,1 მილიონი ადამიანის შემოწირულობა, ყველა მათგანი ტაძრის მშენებლად ითვლება.
კომპლექსი განლაგებულია 2 ათას 700 კვ.მ-ზე. მეუფეების თქმით, ტაძარი ერთობლივად, ქართველი ხალხის აშენებულია.
ტაძრის გახსნის შემდეგ მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შემდეგ მახათას მთაზე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობა დაიწყება.