სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა, რომელიც დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
მისი თქმით, მან ყველა კითხვას გასცა პასუხი და გამოძიებას დაელოდება.
"მე რაც მითქვამს, მაგას არასდროს დავმალავ. თუ დასამალი მექნება ოდესმე, მაგას არც ვიტყვი. ყველა შეკითხვა იქნა დასმული, ყველა შეკითხვას გავეცი პასუხები", - განაცხადა მაჩალიკაშილმა.
მაჩალიკაშვილის თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერიროსტული აქტის მომზადებას გეგმავდა. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა სუს-მა გამოავლინა. დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა. სუსმა, აღნიშნულის მტკიცებულებად, მალხაზ მაჩალიკაშილისა და თავისი ძმიშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ფარული აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა.
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში 2018 წლის 1 ივნისს დაიწყო და ამჟამადაც მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18,323-ე და 3231 მუხლებით.