„ევროპული საქართველო“ ეკა ბესელიას და მისი თანაგუნდელების საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს. ამის შესახებ განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.
ელენე ხოშტარია ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სასესიო სხდომის დაწყებამდე აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველო“ თავს იკავებს კანონპროექტის მხარდაჭერისგან.
ხოშტარიას თქმით, ბესელიას ინიციატივას, რომ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 5 წლით გადავადდეს, ისინი მხარს დაუჭერენ.
"ეს იმდენად პრინციპული საკითხია, რომ არანაირი პოზიციის ცვლილება არ ყოფილა. აქ არ არის საკითხი ჩვენს დამოკიდებულებაში ეკა ბესელიას ან რომელიმე სხვა ჯგუფის მიმართ. ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, ვიდრე ის თუ რა ხდება შიგნით ქართულ ოცნებაში და ვინ რას არკვევს ერთმანეთთან. ეს არის საკითხი, როცა ყველამ ყველა ფორმით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის შეძრომას უვადოდ სასამართლო სისტემაში. მიუხედავად იმისა შინაარსობრივად რა შენიშვნები გვაქვს... ჩვენ ჩვენი წინადადება გვაქვს, არასამთავრობოებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წინადადებები აქვთ, უამრავი კონკრეტული ტექნიკური ან სამართლებრივი აზრი არსებობს, მაგრამ დღეს არის პოლიტიკური მომენტი, როდესაც ყველას ვალია, რომ ჩვენი პირადი დამოკიდებულებების თუ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ყველანაირად დავუპირისპირდეთ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს და ქართული ოცნების მცდელობას, რომ ესენი დაგვასვან თავზე, შესაბამისად ჩვენ, რა თქმა უნდა, ნამდვილად ვუჭერთ მხარს ამ ინიციატივას", - ამბობს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა დღეს კენჭი უნდა უყარონ ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით და ასევე ეკა ბესელიას და უმრავლესობის კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის პროცესის გადავადების შესახებ.