აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოველწლიურ მიმართვას კონგრესში 5 თებერვალს განახორციელებს. ოფიციალური მიწვევის წერილი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტს უკვე გაუგზავნა.
ტრამპის ყოველწლიური მიმართვა კონგრესში 29 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა პრეზიდენტმა გამოსვლის თარიღი მთავრობის მუშაობის ნაწილობრივი შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ გამო გადადო.
ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის წერილი პრეზიდენტისადმი, სადაც ის წერს, რომ წარმომადგენელთა პალატას არ შეუძლია განიხილოს რეზოლუცია პრეზიდენტის კონგრესში მიწვევის შესახებ, სანამ სრულად არ აღდგება მთავრობის საქმიანობა.
როგორც წესი, წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტს კონგრესში ყოველწლიური მიმართვისთვის სპეციალური რეზოლუციით იწვევს.
შეგახსენებთ, რომ თეთრმა სახლმა და კონგრესმა დროებით შეთანხმებას მიაღწიეს მთავრობის საქმიანობის განახლების შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრამპმა ხელი მოაწერა მოკლევადიანი დაფინანსების დოკუმენტს, რომლის მოქმედებაც 15 თებერვლამდე გაგრძელდება.
2018 წლის 22 დეკემბრიდან აშშ-ის მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ დახურული იყო. დონალდ ტრამპი კონგრესისგან ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად დაფინანსებას ითხოვს, დემოკრატები კი პრეზიდენტის ამ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.